შემცირებული ვაჭრობა და გაზრდილი გზავნილები - როგორია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა რიცხვებში

დღეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. შედეგად, გადაწყდება ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, bpn.ge დაინტერესდა, როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში, 2023 წლის 9 თვესთან შედარებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, თუმცა 2009 წლის ჩათვლით, ყველა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).

უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნებს შორის 1.472 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.645 მლრდ აშშ დოლარის, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 940.6 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 595.9 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 9 თვეში - 487.6 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

ამასთან, წელს, იანვარ-სექტემბერში, 95.6 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან ექსპორტზე მოდის, ხოლო 1.376 მლრდ აშშ-იდან იმპორტზე. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში 88.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის ლიდერია ფეროშენადნობები, აშშ-იდან იმპორტირებულს შორის კი მსუბუქი ავტომობილები.

კერძოდ, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ფეროშენადნობები - 59.093 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.951 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 5.225 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 4.951 მლნ აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3.813 მლნ აშშ დოლარი

აშშ-იდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1.249 მლრდ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 18.679 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4.598 მლნ აშშ დოლარი
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 4.442 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 4.247 მლნ აშშ დოლარი

ასევე საქსტატის მონაცემებით, წელს I და II კვარტალში აშშ-იმ საქართველოში ჯამურად 52.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც 37%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში ამერიკულმა ინვესტიციებმა 82.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, წელს 3 კვარტლის მდგომარეობით ამერიკელი ვიზიტორებს რაოდენობა 14.8%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის I-III კვარტალში აშშ-იდან 54 528 ტურისტი ეწვია საქართველოს, წინა წლის იგივე პერიოდში - 47 482.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გადმორიცხვებით აშშ საქართველოსთვის მეორე ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში ამერიკიდან 49.033 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 41.663 მლნ აშშ დოლარი.

ნინი ქეთელაური