„რუსული ან ჩინური ფულის იმედი თუ გვაქვს, ესეც საკითხავია, რის ფასად გაჩნდება ის ჩვენს ქვეყანაში?“

„რომელიმე ბანკს რომ ხელი წაუცდეს და მოემსახუროს ვინმე ისეთს, რომელსაც არ უნდა ემსახურებოდეს, შეიძლება მოვყვეთ იზოლაციაში“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„სერიოზული საფრთხეა საერთაშორისო იზოლაციის და ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს. არ ვგულისხმობ მხოლოდ სავიზო შეზღუდვას. თუნდაც რომელიმე ბანკს რომ ხელი წაუცდეს და მოემსახუროს ვინმე ისეთს, რომელსაც არ უნდა ემსახურებოდეს, შეიძლება მოვყვეთ იზოლაციაში. საქართველოსნაირი ეკონომიკისთვის პრობლემა სწორედ ესაა.

სანქციები, რომელზეც დიდი ხანია ლაპარაკი მიდის, ჩვენთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მაგალითად ქვეყნისთვის, რომელსაც ნავთობის მოპოვება შეუძლია, გაზი აქვს და ა.შ. ჩვენ არაფერი არ გვაქვს. აქამდე იმით მოვედით, რომ ღია ეკონიმიკა გვაქვს და ბევრი პლუსი იყო, რომ ინვესტორი შემოსულიყო და ამით ვსარგებლობდით. რა უნდა გავაკეთოთ, რითი უნდა ვიარსებოთ ჩაკეტილ სისტემაში? არანაირი რეზერვი არ გვაქვს. პატარა ქვეყანა ვართ, მალე დავრჩებით გაურკვეველი მომავლის წინაშე. რუსული ან ჩინური ფულის იმედი თუ გვაქვს, ესეც საკითხავია, რის ფასად გაჩნდება ის ჩვენს ქვეყანაში?“ - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

მისი თქმით, უკვე გამოცდილი გვაქვს, თუ რას ნიშნავს რუსეთზე დამოკიდებულება და ამ გზის გავლით იზოლაციისკენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს ვდგამთ.

„სახიფათო ზონაში შევდივართ და ვიცით, რას ნიშნავს დამოკიდებულება რუსეთზე, ეს გამოცდილი გვაქვს. რუსეთზე მიბმულობა ნიშნავს, რომ იზოლაციისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ.

თუ ინვესტორი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ამ ქვეყანაში და მიდის, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის იქნება ძალიან რთული, გაჩნდება ბევრი უმუშევარი ადამიანი. შეიქმნება პრობლემა ფულად გზავნილებზე და როცა ქვეყანა ამ გზავნილებით ცხოვრობს, კატასტროფამდე მივალთ, მითუმეტეს, რომ ეს სისტემა არ არის მდგრადი და ასეთ რყევებს ვერ გაუძლებს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ გლობალური სისტემის ნაწილი და აუცილებლად დასავლური ქვეყნების სისტემაში უნდა ვიყოთ ინტეგრირებული“, - განაცხადა ეკონომისტმა.

ეკა დარჩიაშვილი