EBRD უკრაინის მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინაში წელს დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, თუ უკრაინა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, EBRD-ის ხელმძღვანელმა, სუმა ჩაკრაბატიმ განაცხადა. ინვესტიციები ძირითადად განხორციელდება გაზის სექტორში. კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მოთხოვნები უკვე დააკმაყოფილა და ენერგორესურსებზე ტარიფები გაზარდა. თუმცა, EBRD კიდევ უფრო მეტ რეფორმებს ელოდება უკრაინისგან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წელს 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. სუმა ჩაკრაბატის თქმით, თუ მოთხოვნებს კიევი სრულად დააკმაყოფილებს, EBRD -ის ინვესტიციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ უკრაინის ენერგო, საბანკო და სასამართლო სექტორებს სჭირდება.