ლარის გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი - TBC Capital

„ლარის გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი“,- ამის შესახებ TBC Capital-ის ყოველკვირეულ განახლებაშია ნათქვამი.

მიმოხილვაში საუბარია აშშ დოლარის დინამიკაზეც და აღნიშნულია, რომ ბაზრების შეფასებით, ვალუტა შედარებით მყარი იქნება თუ დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

„მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის დღევანდელ არჩევნებში უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება;

ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, შესუსტდება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს;

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა, სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია;

ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის;

ჩვენი დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი, რაც მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი;

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, ჩვენი შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი“,- ნათქვამია ყოველკვირეულ განახლებაში.

ნათია ზარიძე