ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16 ფინალში გასვლით 77 ათასი ფუნტი გამოიმუშავა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16 ფინალში გასვლით 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელი ფელისიანი ლოპესი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურინის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც ხვალ მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ესპანელ მეტოქეს დაამარცხებს, შემდეგ შეხვედრაში სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანს როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის 1/16 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 127 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ყოველ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი საპრიზო ფონდი მატულობს - მეოთხედფინალში ფულადი ჯილდო 241 ათას ფუნტს შეადგენს, ნახევარფინალში - 470 ათას ფუნტს, ფინალში კი - 940 ათას ფუნტ სტერლინგს. ხოლო უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის 1 880 000 ფუნტს მიიღებს.

უიმბლდონის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი წელს, გასულ წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 26,75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ერთეულთა თანრიგში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის გამარჯვებულები კი 2014 წელთან შედარებით 120 ათასი ფუნტით მეტს მიიღებენ.