2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, კლება მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2%-იანი კლებით იყო გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ერთი თვის ჭრილში მცირედით შემცირდა, წლიურად 5.8%-იან ზრდას აჩვენებს. მონაცემების თანახმად, ამ შემთხვევაში ზრდა მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა ნომინალური ხელფასის 20.3%-ით გაზრდამ ზრდამ განაპირობა. გარდა ამისა, მშენებლობის წლიური გაძვირება განაპირობა სამშენებლო მასალების 4.1%-ით გაზრდამაც.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მანქანა-დანადგარების ფასები 6.8%-ით, ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია 1.8%-ით, ხოლო სხვა ხარჯები 0.6%-ით გაძვირდა.