„ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია - ტრამპის გამარჯვება დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება“ - კვლევა

აშშ-ის წინასაარჩევნო გამოკითხვებს, ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თბს კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ამჟამად ბაზრები მოლოდინის რეჟიმში არიან გადასულები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასწარი გამოკითხვების შემდგომი მოლოდინები აჩვენებდა, რომ არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო დოლარის მცირედით დროებით გაუფასურება, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი - პირიქით.

„ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ დოლარი ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით დროებით გაუფასურდება.

მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის დღევანდელ არჩევნებში უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ „თბს კაპიტალის“ კვლევით, კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში დოლარის, როგორც უსაფრთხო ვალუტის როლი, შესუსტდება.

„სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა, სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია“, - აღნიშნულია „თბს კაპიტალის“ კვლევაში.

ამასთანავე, მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ნაწილმა არჩევნებამდე დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა შეისყიდა, „სენტიმენტების ცვლილება კი ლარზე გამყარების ზეწოლას შექმნის“.

„ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი, რაც მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.

მერი ტაბატაძე