447 215 მოქალაქეს 122 960 752 ლარი დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა

122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარიმართა. 3 ივლისის მონაცემებით, ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის ბაზაში დარეგისტრირდა, კუთვნილი თანხა უკვე დაუბრუნდა. შესაბამისად, საქართველოს 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო ჯამში ჩაერიცხა 122 960 752 ლარი. ამასთან, დღეიდან 30 სექტემბრის (დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღე) ჩათვლით რეგისტრირებული ელექტრონული დეკლარაციების მიხედვით, მოსარგებლე პირს თანხა დეკლარაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში დაუბრუნდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება საგადასახადო კანონმდებლობით დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის შემდეგ არის გათვალისწინებული. "მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ იქნა თანხის მიმღები მოქალაქეების სოციალური სტატუსი, მათ კუთვნილი თანხა უმოკლეს ვადაში მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხის სწრაფი და ეფექტური გაცემა განხორციელდა სპეციალური გეგმის მიხედვით და მას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით შესრულებულია გადაჭარბებით", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი - და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებაც.