დანიური ლოგისტიკური კომპანია Maersk-ის საკონტეინერო გემი, Maersk Halifax მეთანოლზე მომუშავე ორსაწვავიანი სისტემის გემად გადაკეთდა, რომლის პრეზენტაციაც ჩინეთში გაიმართა. ინფორმაციას The Maritime Executive ავრცელებს.
ეს მოქმედი უმსხვილესი ხომალდის მეთანოლზე სამუშაოდ კონვერსიის პირველი შემთხვევაა. მეთანოლი ეკოლოგიურად ტრადიციულ საზღვაო საწვავზე სუფთაა. Maersk-ის მტკიცებით, მეთანოლზე მუშაობისას გემი, ჩვეულებრივ დიზელთან შედარებით, დღეში 100 ტონა ნახშირორჟანგით ნაკლებს გამოყოფს.
საკონტეინერო გემის გადაკეთების სამუშაოები ჩინურ ვერფ Zhoushan Yatai Ship Engineering and Repair-ზე დასრულდა. ამ გემთმშენებელ საწარმოში ხომალდი ივლისში შევიდა, სადაც სექციები მანამდე, წინასწარ დამზადდა, რომ გადაწყობის დრო დაჩქარებულიყო. გემის გადაკეთებას სულ 236 დღე დასჭირდა.
პროექტი ძირითადი ძრავის მოდიფიკაციას, მეთანოლის ავზების დამონტაჟებასა და გემის გაფართოებას მოიცავდა.
ცნობისთვის: გემი თავდაპირველი “Maersk Honam”-ის სახელით 2017 წელს, სამხრეთ კორეაში აშენდა, ხოლო 2018 წელს უბედური შემთხვევა განიცადა. თუმცა გემი აღადგინეს და ექსპლუატაციაში “Maersk Halifax”-ის სახელით დააბრუნეს. მეთანოლზე გადაკეთებამდე გემის სიგრძე 352 მეტრი იყო, ხოლო ტევადობა 15,226 TEU-ს შეადგენდა. ამჟამად გემი 367 მეტრ სიგრძისაა, ხოლო მისი ნომინალური სიმძლავრე 15,262 TEU-ა.
საზღვაო ტესტები 16-დან 20 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.
ოქტომბრის ბოლოს Maersk-მა ეკოლოგიურად სუფთა საზღვაო საწვავის შეძენაზე ჩინურ Longi-სთან დადო გარიგება. გადამზიდავი გიგანტი ჩინეთიდან 750,000 ტონა მწვანე მეთანოლს შეისყიდის. მიწოდება 2026 წელს დაიწყება, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის Maersk მეთანოლზე სრულად გადასვლას გეგმავს.
Bloomberg-ის მონაცემებით, Maersk-ს ამჟამად ექსპლუატაციაში შვიდი ხომალდი ჰყავს, რომლებსაც როგორც მეთანოლზე, ასევე, საზღვაო ნავთობსაწვავზე შეუძლია მუშაობა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ