საპენსიო სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გლობალური საშუალოვადიანი ობლიგაციების (GMTN) პროგრამის ფარგლებში განთავსებულ ევროობლიგაციებში 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მცურავი განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდები ლარშია დენომინირებული, ვადიანობა კი 5 წლით განისაზღვრა.
"EBRD-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის (AAA) მქონე ობლიგაციებში საპენსიო აქტივების ინვესტირება აუმჯობესებს საპენსიო სააგენტოს პორტფელის ხარისხს, ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას და ამასთან EBRD-თან გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ამყარებს საპენსიო სააგენტოს მიზანს, რომ კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით განაგრძოს პორტფელის დივერსიფიკაცია, რათა საპენსიო აქტივები იმართოს უმაღლესი სტანდარტების მიხედვით",- აღნიშნავს საპენსიო სააგენტო.
როგორც სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპენსიო აქტივების ხარისხს და ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას - "რაც გრძელ ვადაში საპენსიო აქტივების მდგრადობას შეუწყობს ხელს. EBRD-თან მსგავსი ტიპის თანამშრომლობის დაწყება ხსნის კარებს სამომავლო შესაძლებლობებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.”
თავის მხრივ, EBRD-ის ხაზინის ასოცირებული დირექტორი, აზიზ ჟურაევი ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტიციის განხორციელება არის EBRD-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში შეამციროს ადგილობრივი ეკონომიკების დამოკიდებულება უცხოური ვალუტის სესხებზე.
ცნობისთვის, EBRD არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს 36 განვითარებად ეკონომიკას უჭერს. 1992 წელს საქართველოში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 300-ზე მეტ პროექტში – ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკის სექტორებში.
"ინვესტიციების 82% კერძო სექტორზე მოდის. აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები სრულად იქნება გამოყენებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების, პროგრესის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხარდასაჭერად",- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.