საქართველოს ეკონომიკაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების მანიშნებელია - ლადო პაპავა

პარლამენტის არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას ზეიმობს "ქართული ოცნება" და გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გააკეთა ნეგატიური განცხადებები, ევროკავშირმა საბოლოოდ გააჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, ქვეყნების ნაწილი კი აქტიურად საუბრობს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეწყვეტასა და გადახედვაზე. ეს ყველაფერი როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოება ამ შემთხვევაშიც ორად არის გაყოფილი - ნაწილი არჩევნების შედეგებს აღიქვამს დადებითად, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, კრიტიკულად უყურებს. ასე რომ, საზოგადოება ამ არჩევნების შედეგების შეფასებაშიც, ფაქტობრივად, გაყოფილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი, თუ რა დარღვევები იყო, რა როგორ იყო.

აშშ-დანაც და ბრიუსელიდანაც მოვიდა ეს გზავნილი და საქართველოშიც ისმის, რომ თუკი ვინმეს დარღვევების რამე ფაქტი, რამე დოკუმენტი აქვს, უნდა წარუდგინოს სათანადო ორგანოებს, უნდა გასაჯაროვდეს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას არა აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, არამედ გვქონდეს მეტ-ნაკლებად ზუსტი ინფორმაცია, მართლა რა მოხდა 26 ოქტომბერს.

ტექნოლოგია ამერიკულია, მანამდე ეჭვი არავის არ ჰქონია შეტანილი ამ ტექნოლოგიაში, აუდიტი ჩატარებულია, და თუ ამ არჩევნების დროს რაიმე შეიცვალა და ამის მამხილებელი ფაქტები არსებობს, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

- ხელისუფლება საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს. ადგილობრივი გამოძიების მიმართ ნდობა რეალურად არ არსებობს მთელი რიგი ფაქტორების გამო და ასეთ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება საერთაშორისო გამოძიებაზე საბოლოოდ უარს იტყვის, არ იქნება იმის დადასტურება, რომ არჩევნები მართლა გააყალბეს და ამას რა გავლენა ექნება პროცესებზე?

- როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უშუალოდ თანამშრომლობს ეუთო/ოდირთან, რომელიც აკვირდებოდა არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესს, არა მარტო 26 ოქტომბერს, არამედ საკმაოდ მკაფიოდ თქვეს, რომ დააკვირდებიან იმასაც, თუ როგორი იქნება პოსტსაარჩევნო პერიოდი, როგორ იქნება განხილული საჩივრები, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ უცხოელების ჩართულობა ამ პროცესში უკვე სახეზეა და ნუ ვიტყვით, რომ ის უცხოელების გარეშე მიმდინარეობს. ახლა რაც შეეხება სასამართლოს, რა თქმა უნდა, სასამართლოს პრობლემები რჩება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის მომენტიც, რომ სტრასბურგში რამდენი საჩივარიც შევიდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ან საერთოდ წარმოებაში არ იქნა მიღებული, ან ჩვენი მთავრობის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ. ამიტომ ერთია, როგორია საზოგადოების ნაწილში აღქმები და მეორე - ფაქტები. რომ იყოს პირიქით, იყოს ისეთი სიტუაცია, რომ სტრასბურგიდან ადანაშაულებდნენ მთავრობას და ითხოვდნენ კომპენსაციების გადახდას, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ასეთი ფაქტები, საბედნიეროდ, ცოტაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ერთია ის, რაც ჭორების სახითაა გავრცელებული და მეორეა - ფაქტები.

ქართველ საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი და მივცეთ სწორი ინფორმაცია. ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი და მხოლოდ ის განცხადება, რომ აი, გაყალბდა არჩევნებიო, შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გულის მოსაფხანი და სასიამოვნოდ მოსასმენი, მაგრამ, მაგალითად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არაფრის მთქმელი არ არის. ასე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ნებისმიერი რამ დააბრალო და მერე იმან იმართლოს თავი. ამიტომაც გამოაქვეყნონ პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, რა მასალები და რა ფაქტები აქვთ. პროკურატურასაც წარუდგინონ და საჯაროც გახადონ.

ტელევიზიები აქვთ, მედიასაშუალებები აქვთ, სოციალურ ქსელებში აქტიური არიან და გაასაჯაროონ, რომ იყო კონკრეტულად ესა და ეს დარღვევა. ეს იქნება ყველაზე კარგი, რადგან გვექნება საშუალება, ვნახოთ და მერე ჩვენ გადავწყვეტთ, იყო თუ არა დარღვევა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა რომ თქვა, გაყალბებულია და რუსეთი შემოვიდაო, ეს მხოლოდ ბრალდებაა და თუ ფაქტები არ იქნა წარმოდგენილი, მაშინ აშკარა ცილისწამება იქნება. ფაქტები გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ არჩევნებში მართლაც მოხდა რაღაც ისეთი, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. თუ ამას ვერ ასაბუთებ, მაშინ ეს არის ცილისწამება და ცილისწამება კი დანაშაულის კატეგორიაში გადის.

- ეკონომიკაზე ამას რა გავლენა ექნება და პირველ შედეგებს როდის უნდა ველოდოთ?

- ნებისმიერ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა "ჰაერში გამოკიდებული", პოლიტიკისგან ცალკე ვერ იქნება.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული მღელვარებაა და ეს ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე. ბიზნესს სჭირდება მშვიდი გარემო და, თუკი ქვეყანაში იქნება მშვიდი გარემო, მაშინ ბიზნესი ვითარდება; და თუ ბიზნესი ვითარდება, ეს მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. ამ აქსიომაში ვრწმუნდებით ყველა არჩევნების დროს და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდიც, ასე თუ ისე, დაძაბული იყო, არჩევნების დღეც არ იყო მარტივი, თუმცა ამ დღეს ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამას უცხოელი დამკვირვებლებიც აღიარებდნენ. მე შემიძლია ვთქვა, ჩემს უბანზე რა ხდებოდა - ჩემს უბანზე, სადაც მე ხმა მივეცი, სიმშვიდე იყო. ჩემი შეფასება ბევრი არაფრის მთქმელია. მთავარია, უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჩადიოდნენ, ამბობდნენ, რომ ძირითადად, სიმშვიდე იყო. იყო დარღვევები, ეს გახდა ცნობილი და უკვე დაკავებულიც არის ორი პირი, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაც შესაბამისია.

არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება. ამასთან, შევხედოთ ფაქტებს - ერთია, რას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური და მეორე, თუ როგორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის) შეფასებები.

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მონაცემებია დაფიქსირებული. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად ეყრდნობა რა "საქსტატის" მონაცემებს, ბოლო პერიოდში თითქმის უწყვეტად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმისტური პროგნოზი კეთდება იმის ფონზე, რაც არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და როგორი პოლარიზებულიცაა საზოგადოება.

საზოგადოება რომ პოლარიზებულია, ეს ხომ კარგად იცის სავალუტო ფონდმა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების მანიშნებელია. უშუალოდ ეკონომიკიდან ჩვენს ეკონომიკას არაფერი ემუქრება! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სრულად დაცულია ყველაფრისგან. პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ რამე სირთულე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში, ან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების გართულებაში, ეს ყველაფერი არ იქნება გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით, არამედ გამოწვეული იქნება ან საგარეო ფაქტორებით, ან/და იმით, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

- ლარის გაუფასურება რამდენად დამაფიქრებელია და რა გავლენა ექნება როგორც ეკონომიკაზე, ასევე ზოგადად სოციალურ მდგომარეობაზე?

- ნებისმიერი ვალუტა ყოველთვის რეაგირებს პოლიტიკურ განცხადებებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, როდესაც არის დაპირისპირება, როდესაც არის მუქარა, არაკონსტრუქციული გარემო.

ეს, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. ასეთი დაძაბული პოლიტიკური გარემო ქმნის საფრთხეს, რამე არ გართულდეს ეკონომიკაში და ყალიბდება ცრუ მოლოდინები, უარყოფითი განწყობა და ეს გაცვლით კურსზეც აისახება. ადამიანებიც და ბიზნესიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს, რათა ნაკლებად იზარალონ. ამით კი, ანუ რაც უფრო მეტ ვალუტას მოიმარაგებენ, მით მეტად ზრდიან მასზე მოთხოვნას და, შედეგად, კიდევ უფრო აუფასურებენ ეროვნულ ვალუტას. პრაქტიკულად, მათ მიერ შესაძლო რისკების დაზღვევა ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მეტად აუფასურებს.

- ეს გაუფასურება რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, გვაქვს იმ დონის ექსპორტი, რომ ეს გაუფასურება დააბალანსოს?

- სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანას არასოდეს ჰქონია დადებითი სავაჭრო ბალანსი. საქართველო ყოველთვის იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, იყო პერიოდები, როდესაც იმპორტი 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს და დღეს სადღაც 2,6-2,7-ჯერ აღემატება. ტენდენცია უკეთესობისკენ გამოიკვეთა, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის, რადგან ის უშუალოდ აისახება ფასებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია სახეზეა, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ რამე კრიზისული პერიოდის მასტიმულირებელი გახდეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ რყევებს შეუძლია ეკონომიკაშიც რყევები გამოიწვიოს. ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის წინაშე საქართველოც დგას.

- ისიც ითქვა, რომ არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ინტენსიურად ყიდდა რეზერვებს, რათა საზოგადოების უკმაყოფილება შეენელებინა და ახლა, ფაქტობრივად, რეზერვების გარეშე ვართ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს და, თუკი ასეა, რა რისკების წინაშე ვართ?

- რეზერვებიდან რამდენიმე ასეული მილიონია დახარჯული, რეზერვების მოცულობა კი რამდენიმე მილიარდია. ასე რომ, რა საფრთხე უნდა იყოს? ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ეროვნულმა ბანკმა ამ ეტაპზე გააკეთა, რომ ეროვნული ვალუტა ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მეტ-ნაკლებად სტაბილურად ყოფილიყო, რეზერვების ნაწილი გაყიდა, აბსოლუტურად სწორია. რეზერვები სწორედ იმისთვის არის, რომ არასასურველი რყევები გამორიცხო და უარყოფითი მოლოდინები "მოაცილო" სავალუტო ბაზარს.

- ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა. ქვეყნების ნაწილი ამბობს, რომ აჩერებენ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ნაწილმა გადახედვა დააანონსა და ეს რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე?

- როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოდის კრიტიკულად, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზეც აისახება. თუმცა ბოლო შეფასება რომ გამოქვეყნდა, იქ გარკვეული პროგრესია დაფიქსირებული, არის გარკვეული წინსვლაც, მაგრამ არის გადაუწყვეტელი პრობლემებიც. საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის რომ ოდესმე მზად იყო, ასეთი რამ არც არასდროს თქმულა.

როგორი კონფიგურაციითაც უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა, დარჩებიან თუ არა ძველი სახეები, თუ გამოჩნდება ახალი, აუცილებელია ინტენსიური მუშაობის განახლება როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. ამას "ქართული ოცნებაც" აღიარებს.

- დასავლეთის მიმართ "ოცნების" პოლიტიკის შეცვლის გარეშე ეს შესაძლებელი იქნება?

- გაყინული პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს. პოლიტიკაც ცოცხალი ორგანიზმია და ცვალებადია, გარკვეული ვითარებებიდან გამომდინარე. "ქართულ ოცნებას" თავად აქვს ჩაწერილი კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამაზე უარი არ უთქვამს. აუცილებელია დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის შედეგი დადებითი იყოს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი წარმატებით იქნება განხორციელებული. ყოველ შემთხვევაში, ამაზე განცხადებები კეთდება და დანარჩენი ვნახოთ. დრო გვიჩვენებს, ყველაფერი როგორ წარიმართება.

- ცალკეული ქვეყნები აცხადებენ, რომ გაწყვიტეს თანამშრომლობა, გადახედავენ ურთიერთობას და ეს ძალიან ახლო პერსპექტივაში რა პრობლემას შეგვიქმნის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით? მით უმეტეს, რომ ლაპარაკია საქართველოს, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი დონორების ქვეყნებზე?

- ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ამიტომ საჭიროა, სწრაფად ამოქმედდეს ყველა რესურსი, რათა ურთიერთობა გადავიდეს სამუშაო ვითარებაში როგორც ბრიუსელთან, ასევე ვაშინგტონთან. ამას დაამატეთ ის, რომ ჯერ არჩევნების შედეგები საქართველოში დამტკიცებული არ არის. ჩვენ საბოლოოდ არ ვიცით, როგორი იქნება მთავრობა - დაიშლება თუ გაერთიანდება ზოგიერთი სამინისტრო, ან ვინ რა თანამდებობას დაიკავებს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ, საკმაოდ რთულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღე დარჩა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება, დემოკრატები შეინარჩუნებენ თუ არა პრეზიდენტის პოსტს. ამიტომ ერთი სცენარია, თუ კამალა ჰარისი გახდება პრეზიდენტი და მეორე, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში. ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება თავად ამერიკელებს უჭირთ და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. ეს არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელიც მხოლოდ ამერიკას შეეხება. ეს არის არჩევნები, რომელიც მთელ მსოფლიოს თუ არა, თითქმის მთელ მსოფლიოს ეხება, მათ შორის, ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიც საქართველოა. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება ამერიკაში არჩევნები.

განაგრძეთ კითხვა