ტაბახმელის მეოთხე სანგარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ტაბახმელის მეოთხე სანგარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაევალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები, განკარგულების გამოცემიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ ტაბახმელის მეოთხე სანგრის არქეოლოგიური შესწავლა, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოხდა.

როგორც ცნობილია, ტაბახმელის მეოთხე სანგარი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გაიჭრა და მიზნად ისახავდა თბილისის დაცვას თურქეთის არმიის შესაძლო შემოტევის შემთხვევაში. თუმცა, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა 1921 წლის თებერვალში თბილისისთვის ბრძოლების დროს შეიძინა. თბილისისთვის ბრძოლა ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ აქ, 1921 წლის 16- 25 თებერვალს მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიაში ის ცნობილია, როგორც კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების, რადგან კოჯორსაც და ტაბახმელასაც გადამწყვეტი როლი ეკისრებოდა თბილისის დაცვაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთკვირიანი ბრძოლების ბედი, მე-11 წითელი არმიის რიცხობრივმა უპირატესობამ გადაწყვიტა და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობაც დასრულდა.

1921 წლის შემდეგ ტაბახმელის N4 სანგარმა ფუნქცია დაკარგა და მისი გამოყენება სასწავლო კუთხითაც კი აღარ მომხდარა.

ნინი ქეთელაური