„ახლა ჩვენს წინ ფარდაა, რომლის იქითაც ვერ ვხედავთ, რა ხდება - ბიზნესის ხელოვნურად გაჩერება არ შეიძლება“

„ახლა ჩვენს წინ ფარდაა, რომლის იქითაც ვერ ვხედავთ, რა ხდება,“ - ამის შესახებ კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის ხელოვნურად გაჩერება არ შეიძლება.

„წარმატებული ბიზნეს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ბიზნესის განვითარების საიდუმლო მუდმივ სიახლეშია, მისი ასე ხელოვნურად გაჩერება არ შეიძლება.

ბოლო წლებია ქვეყანამ არაერთი რყევა განიცადა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, რის მიმართაც დეველოპერული სექტორი მდგრადია, მაგრამ არცერთ ბიზნესს არ შეუძლია, ნებისმიერ რყევას გაუძლოს. ბევრი უბრალოდ იმიტომ დარჩა ამ ქვეყანაში, რომ სჯეროდა, თავისი ერთი აგურით, მის აღმშენებლობაში შეიტანდა წვლილს,“ - განაცხადა კუნელაურმა.

მისი თქმით, ისეთ ახალ ფეხადგმულ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება.

„ახლა ჩვენს წინ ფარდაა, რომლის იქითაც ვერ ვხედავთ, რა ხდება. ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ფარდა გადაიწიოს და ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს.

ჩვენ ვართ ახალი ფეხადგმული სახელმწიფო, რომელიც არის კრიტიკულად მძიმე სიტუაციაში და ყველა მონაცემი გვაქვს იმისი, რომ სწრაფად ვერ განვვითარდეთ. დასავლეთი არის სწორედ ის, ვინც ამ ყველაფერში დაგვეხმარება, რომ ქვეყანა მყარად იდგეს,“ - აღნიშნა „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა.

როგორც ის აღნიშნავს, კერძო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ერეოდეს, ირათა არ მოხდეს ბიზნესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

„როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ბიზნესს გაუჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ რეგიონში ინვესტიცია შემოეტანა.

მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. მათ უნდა ჰქონდეთ სწორი სამოქალაქო პოზიციონირება. არ უნდა მოხდეს ბიზნესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს,“ - განაცხადა მამუკა კუნელაურმა.

ეკა დარჩიაშვილი