გადასახადების შემცირებით შესაძლოა, უფრო ნაკლები საქმიანობა მოექცეს ჩრდილოვან ეკონომიკაში - ეკონომისტი

„ჩრდილოვან ეკონომიკას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კანონის გვერდის ავლით ადამიანები ახერხებენ გარიგებებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოები ჩრდილოვან ეკონომიკებს რიგ შემთხვევებში არ ებრძვიან, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალურ ეკონომიკასთან ბრძოლას ხშირად იმაზე მეტი ხარჯი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

„ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა ხშირად არაეფექტურია, რადგან ბრძოლა ამ ტიპის საქმიანობების მიმართ შესაძლოა, უფრო მეტად დანახარჯიანი იყოს, ვიდრე სარგებლის მომტანი. განვითარებულ ქვეყნებშიც კი არალეგალური დასაქმების დონე საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორიც საკმაოდ დიდია, თუმცა სახელმწიფოები ამას არ აქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ მორალურადაც არასწორია, რომ ებრძოლო ასეთი ტიპის ჩრდილოვან ეკონომიკას.

მაგალითად, საქართველოში არის ბაზრები, სადაც მოქალაქეები ყიდიან პროდუქციას და არ იხდიან გადასახადებს. ძალიან რთულია სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ყიდიან საქონელს, დაუწესო ჯარიმები.

ჩრდილოვანი ეკონომიკა მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა რეპეტიტორი, დამლაგებელი, ტაქსის მძღოლი, მომვლელი და ა.შ. ისინი კერძო საქმიანობას ახორციელებენ, იღებენ შემოსავალს, მაგრამ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. რთულია, რომ რაიმე ზომებს მიმართოს სახელმწიფომ, სრულ კონტროლზე აიყვანოს და აიძულოს ყველა ეკონომიკური სუბიექტი, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს“, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ცომაიას განმარტებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა შესაძლოა, მოიცავდეს უკანონო საქმიანობებსაც. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია გადასახადი, მით მეტად არის შესაძლებელი, რომ ეკონომიკურმა საქმიანობამ ჩრდილში გადაინაცვლოს.

„ჩრდილოვან ეკონომიკაში უნდა ვიგულისხმოთ როგორც არაფორმალური, ისე უკანონო ტიპის საქმიანობა, რასაც სახელმწიფო ცხადია, რომ უნდა ებრძოლოს. ამ ტიპის საქმიანობა შესაძლოა, იყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა, კონტრაბანდა და ა.შ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მაღალია გადასახადი, მაგალითად თამბაქოზე, მით უფრო მეტად უჩნდება სუბიექტს სურვილი, შექმნას ისეთი ტიპის სივრცე ან მექანიზმი, რომ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით უფრო იაფად შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქტი“, - დასძინა მან.

კითხვაზე, გადასახადების შემცირება, გამოიწვევს თუ არა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირებას ქვეყანაში, ეკონომისტი პასუხობს: „რა თქმა უნდა! რაც უფრო მეტად ლიბერალური გახდება სახელმწიფო ასეთი ტიპის აქტივობების მიმართ, მით უფრო ლეგალიზდება ეს სფერო და მით უფრო ნაკლები საქმიანობა მოექცევა ჩრდილოვან ეკონომიკაში“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, რა დროსაც მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის წილი იგივე, 12.7% იყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 80.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ არაფორმალური ეკონომიკაზე აქედან დაახლოებით 10.18 მილიარდი ლარი მოდიოდა. აქ იგულისხმება ყველა ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია.

მერი ტაბატაძე