„ტურები გაცილებით ადრე იგეგმება, შესაბამისად, არჩევნებს ამ კუთხით გავლენის მოხდენა ვერ შეეძლო,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მოსალოდნელი იყო საპროტესტო აქციები, ტურების ნაწილი დასავლეთ საქართველოში დაიგეგმა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურისტების მიერ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში თბილისი იყო, ტურის ორგანიზება რუსთაველის გამზირიდან მოშორებით ხორციელდებოდა.
„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ბოლომდე საქართველოში შედარებით პასიური ტურისტული სეზონია. ფაქტობრივად, მე დღეს დავხურე სეზონი. ბევრი სასტუმრო, რომელიც ახლა მუშაობს, სხვა ფასებს სთავაზობს სტუმრებს. ზოგადად, საქართველოში ნოემბერში 70%-ით ნაკლები ტურისტი ჩამოდის, ვიდრე მაგალითად სექტემბერში,“ - აღნიშნავს გიორგიძე.
ალექსანდრე გიორგიძის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის.
„ჩვენი სექტორის უმეტესი ნაწილი კარგად ხვდება, რომ თუ ის რეალობა დარჩა, რაც ამჟამად გვაქვს, დავშორდით დასავლეთს, ამას მოჰყვა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს ჩვენს სექტორს, ისევე როგორც ქვეყანას, დიდ ზიანს მოგვიტანს. იმ შემთხვევაში თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა ან შეიზღუდა, ამას თავისთავად მოჰყვება რეისების და შესაბამისად, ტურისტების შემცირება - ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.
თუ საქართველო აღმოჩნდება არასასურველი ქვეყნების რიგში, რა თქმა უნდა, შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ამასთან, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას მოჰყვება რეისების შემცირება, გამომდინარე იქიდან რომ რეისების სიმრავლე განპირობებულია, როგორც უცხოელების საქართველოში ვიზიტებით, ასევე იმითაც რომ ქართველები ხშირად ვმოგზაურობთ ევროპაში,“ - განაცხადა გიდმა.