ტრამპის გამარჯვება: ევრო ეცემა და ევროპის ეკონომიკა რეცესიის საფრთხის წინაშე დგას - FT

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევრო დოლართან მიმართებით 1,9%-ით დაეცა და 1,072 დოლარამდე შეადგინა. ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი G10-ის ჯგუფის ვალუტებს შორის დღემდე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევრო შეიძლება მომავალ წელს აშშ დოლარს მიუახლოვდეს, იუწყება Financial Times.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ პარიტეტს, თუ ტრამპი მნიშვნელოვან ტარიფებს შემოიღებს“, - აღნიშნა MUFG ვალუტის ანალიტიკოსმა ლი ჰარდმანმა.

მან ასევე მიუთითა ევროპისთვის „ნეგატიური ზრდის შოკის“ პოტენციალზე, რამაც შესაძლოა შეერთებულ შტატებთან მიმართებით საპროცენტო განაკვეთები შეამციროს, რაც ევროზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო ომი, რამაც შეიძლება ევროზონის ეკონომიკა ნელი ზრდიდან სრულ რეცესიაში გადაიყვანოს.

„მაშინაც კი, თუ ტარიფები არ იმოქმედებს 2025 წლის ბოლომდე, განახლებულმა გაურკვევლობამ და სავაჭრო ომის შიშმა შეიძლება ევროზონის ეკონომიკა რეცესიაში გადაიყვანოს წლის დასაწყისში“, - განაცხადა ING-ის ეკონომისტმა ჯეიმს ნაითლიმ.

მისი თქმით, ევროპული ავტომწარმოებლებისთვის ტარიფები დარტყმა იქნება გერმანიის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია.

„შეერთებულ შტატებსა და მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის სავაჭრო ომის ესკალაციის პოტენციალი ქმნის გაურკვევლობას გლობალური ვაჭრობისა და წარმოების პერსპექტივების შესახებ“, - აღნიშნა კალუმ პიკერინგი, საინვესტიციო ბანკ Peel Hunt-ის ეკონომისტმა.

ის გვაფრთხილებს, რომ „ბევრი იქნება დამოკიდებული ჩინეთისა და ევროზონის შიდა პოლიტიკის არჩევანზე და იმაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც სატარიფო ომებს თავიდან აიცილებს“.

ნათია ზარიძე