დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას “სამხრეთ ოსეთის” ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაამატა.
ამის შესახებ ქვეყნის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომელიც სამთავრობო ვებგვერდზე ქვეყნდება.
„ანატოლი ილიას ძე ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში ან ძირს უთხრის/ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას,“ - წერია დოკუმენტის სასანქციო დასაბუთებაში.
ცნობისთვის: 2015 წლის სექტემბრის შემდეგ ანატოლი ბიბილოვი უკრაინის სანქციების სიაშიც შედის. უკრაინის მთავრობის მიერ ის აღიარებულია, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების რეალურ ან პოტენციურ საფრთხედ, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. იმ პერიოდში უკრაინის მთავრობის მხრიდან მსგავსი ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო სახალხო რესპუბლიკებსა და ანექსირებულ ყირიმში არაერთხელ ჩავიდა.
2022 წელს, რუსეთის სრულმასტაბიანი შეჭრის შემდეგ ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ე.წ. ოსი მოხალისეებისგან შემდგარი საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიაც შექმნა. დონბასში ბიბილოვის ყოფნა რუს წვევამდელებთან მისი სიტყვიერი შელაპარაკების ვიდეოჩანაწერმაც დაადასტურა.
ბიბილოვი “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტი 2017 წლის 21 აპრილიდან 2022 წლის 24 მაისამდე იყო, როცა ის ალან გაგლოევმა ჩაანაცვლა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ