ანაკლიაში წყლის ინფრასტრუქტურის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

„შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით.

საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადად 2024 წლის 4 დეკემბერი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2028 წელს მიიღებს.

მერი ტაბატაძე