საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს.
მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
„თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ისინი ცდილობენ, დიპლომატიური ენით გაგვაგებინონ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოკლე დრო გვაქვს დარჩენილი.
„ისინი ცდილობენ, დიპლომატიური ენით გაგვაგებინონ, რომ ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს დარჩენილი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება - მათთან გვსურს ყოფნა თუ არა. მათ უკვე ყველაფერი თქვეს - სანქციებს შემოიღებენ, ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ… პროექტების გაჩერება უკვე დაიწყეს, აქედან გამომდინარე, ის 1.5 მლრდ, რომელსაც დღეს ქართველი ემიგრანტები რიცხავენ, ვეღარ გადმოირიცხება.
ჩვენს პარტნიორებთან ყველა პროექტი შეჩერებულია. გვეუბნებიან, რომ გავარკვიოთ, რა გვინდა, სად ვართ რუკაზე და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მომავლის გარკვევა - მათთან ან მათ გარეშე,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.