სოფელ ანანურის მოსახლეობა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს

დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის მოსახლეობა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის გაგრძელებას მოითხოვს. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ ალექსი მურღულმა განაცხადა, პოლიცია ვაჭრობის საშუალებას აღარ აძლევს, რაც ანანურის 12 ოჯახს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის და ფაქტობრივად, ლუკმა-პურის გარეშე დატოვებს. "ყველაფერი მოხდა ასე. რამდენიმე წლის წინ, იმის გამო, რომ ჩვენ გარევაჭრობა არ გვეწარმოებინა, აგვიშენეს სავაჭრო პავილიონი, თუმცა ეს პავილიონი გადასცეს ეთერ თათარაიძეს, რომელმაც იმხელა გადასახადი დაგვიწესა, რომ იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა. შემდეგ გამოგვიყვეს ფართი იჯარით, 2-წლიანი ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის აპრილში ამოეწურა. ამავე ტერიტორიაზე გავაგრძელეთ ვაჭრობა, თუმცა უკვე გარევაჭრობად ითვლებოდა და ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც აქვე არსებულ ფართზე იჯარით ვაჭრობს, განცხადება შეიტანა რამდენიმე დღის წინ და ჩვენ ვაჭრობის საშუალებას აღარ გვაძლევენ. დღეს პოლიცია იყო მოსული და გაგვაფრთხილეს, რომ ორშაბათს ყველაფერი ალაგებული გვქონდეს", - განაცხადა მურღულმა.

მისივე თქმით, იმ ადგილზე, სადაც ახლა ვაჭრობენ და სადაც აპრილამდე იჯარით იყვნენ, მშენებლობა უნდა დაიწყოს.  "ჩვენი მოთხოვნაა, რომ იქნებ მშენებლობის დაწყებამდე მაინც მოგვცენ აქ ვაჭრობის საშუალება. მით უმეტეს, რომ ჩვენთან ცივი ზამთარი იცის და არა მგონია გაზაფხულამდე მშენებლობის დაწყება მოასწრონ. ან თუ ეს არ გამოვა, იქნება ალტერნატიული ფართით მაინც დაგვაკმაყოფილონ ეკლესიასთან ახლოს, სადაც ტურისტები მოდიან და ჩვენი სავაჭრო პროდუქციაც სწორედ მათზეა გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით და ყველანაირი შემოსავალი გვეკარგება. მივმართეთ გამგეობასაც, გუბერნიასაც და კიდევ მივმართავთ საქართველოს მთავრობასაც, რომ დაგვეხმაროს", - აღნიშნა მურღულმა.

მისივე თქმით, ისინი ფაფახებით, ხის კოვზებითა და სხვა ტრადიციული სუვენირებითა თუ ნივთებით ვაჭრობენ.