სად ვყიდულობთ ნიორს, რომელიც ოქტომბერში თითქმის 70%-ით  გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე, ნივრის ფასი 69%-ით გაიზარდა. შედეგად, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის, ის პირველ ადგილზეა.

Bpn.ge დაინტერესდა, საიდან, რა მოცულობით ყიდულობს საქართველო ნიორს და ამასთანავე, როგორია მისი საიმპორტო ღირებულება.

სტატისტიკის მიხევდით, წელს, იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1 901 ტონა (1.814 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 1 735 ტონა (1.201 მლნ აშშ დოლარი) ნივრის იმპორტი განახორციელა.

მონაცემების თანახმად, წელს, 9 თვიან ჭრილში, 1 კგ ნივრის საშუალო საიმპორტო ფასი 95 ცენტს შეადგენდა, გასულ წელს 69 ცენტს.

ამასთან, საქსტატის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია ყაზახეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 45% მოდის, 27%-ით მეორე ადგილზეა ჩინეთი.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც საქართველო ნიორს ყიდულობს, ასე გამოიყურება:

  • ყაზახეთი - 861.2 ტონა (978.3 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ საშუალოდ, 1.1 აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 522 ტონა (434.2 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ საშუალოდ, 83 ცენტი
  • ირანი - 343.7 ტონა (222.9 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ საშუალოდ, 64 ცენტი
  • ყირგიზეთი - 109.5 ტონა (142 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ საშუალოდ, 1.29 აშშ დოლარი
  • თურქეთი - 65.3 ტონა (36.7 ათასი აშშ დოლარი) 1 კგ საშუალოდ, 56 ცენტი

შენიშვნა: ფასები გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე

ნინი ქეთელაური