იტალიაში, კომოს ტბაზე ჩასულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, თუნუქის ქილაში დალუქული ტბის ჰაერი შეიძინონ.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ე.წ. ჰაერის კონსერვების გაყიდვა კომპანია ItalyComunica-მ ჩაუშვა. თითო ქილა 9,9 ევროდ იყიდება.
CNN-ის ცნობით, ქილა კომოს ტბის ტერიტორიაზე შეგროვებულ “100%-ით ბუნებრივ ჰაერს“ 400 მლ-ის მოცულობით შეიცავს.
„ეს არ არის პროდუქტი, არამედ ხელშესახები, შესაგრძნობი მეხსიერებაა, რომელსაც გულში ატარებთ,“ - აცხადებს ItalyComunica-ს მარკეტოლოგი, დევიდ აბიგნეილი.
თუმცა კომოს მერი, ალესანდრო რაპინეზე ჰაერის ქილების გაყიდვის იდეას აკრიტიკებს. მისი თქმით, უმჯობესია, ტურისტებმა ტბის მონახულების შემდეგ სხვა სუვენირები გაიყოლონ.
CNN-ის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპული კომპანიები სუვენირების სახით ტურისტული ადგილებიდან “ჰაერის კონსერვების” გაყიდვას ცდილობენ. მანამდე ანალოგიური აქცია ისლანდიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ასევე, იტალიის ნეაპოლში გაიმართა.
ცნობისთვის: 2023 წელს კომოს ტბას 5,6 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ