„ქვეყნები მზად უნდა იყვნენ დოლარის გამყარების შემთხვევაში, საკუთარი ვალუტის დაცვისთვის“

„ქვეყნები მზად უნდა იყვნენ დოლარის გამყარების შემთხვევაში, საკუთარი ვალუტის დაცვისთვის“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიური მიმართულების მკვლევარმა გურამ ბააკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ტრამპის საგადასახადო პოლიტიკის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის, ტრამპი აპირებს, რომ ჩინურ პროდუქციაზე მინიმუმ 20%-იანი გადასახადი შემოიღოს, ყველა სხვა იმპორტზე - 10%-იანი, რის გამოც, ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა, დოლარის მკვეთრი ზრდა, ევროს კი 8-10%-ით დაცემა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თავის მხრივ, მომატებული ინფლაციის მაჩვენებელი, აშშ-ში, ევროპასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის და დოლარის მიმზიდველობას გაზრდის.

„მსგავსი სახის საფინანსო სისტემაში ისეთი გლობალური ცვლილების შეტანა, როგორი გეგმაც დღეს დონალდ ტრამპს გააჩნია, თავისთავად იძლევა სხვა ქვეყნებისთვის იმის ფიქრის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავების საფუძველს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ დოლარის გამყარების შემთხვევაში, საკუთარი ვალუტის დაცვისთვის. მეორეს მხრივ, იცოდნენ, ეკონომიკური ცვლილებისა, თუ შოკების შემთხვევაში, რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადადგან. მათ შორის საქართველომაც.

თუმცა, ამ კუთხით, ჩემი გადმოსახედიდან, მინიმუმ პირველ წელიწადში რთულია ამ ყველაფრის საგრძნობ შედეგში გარდაქმნა. გარკვეული დრო დასჭირდება და ეს დამოკიდებული იქნება ზუსტად იმ პროგრამების და ეკონომიკური ხედვების აღსრულებაზე, რაც დონალდ ტრამპს გააჩნია“,- განაცხადა გურამ ბააკაშვილმა.

ნინი ქეთელაური