ირაკლი აბესაძე: მერიაში და "ქართულ ოცნებაში" ერთსულოვნება არ არის, დაზარალებულებს ზარალი სრულად რომ აუნაზღაურდეთ

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს ჯერ არ გაცნობია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, თბილისის მერიაში და "ქართულ ოცნებაში" დაზარალებულებისათვის ზარალის სრული ანაზღაურების საკითხზე ერთსულოვნება არ არის.

"თბილისის მერიაში და "ქართულ ოცნებაში" არ არის ერთსულოვნება დაზარალებულებს ზარალი სრულად რომ აუნაზღაურდეთ და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. უკვე 20 დღეა, საზოგადოებას უწევს მარჩიელობა, რას გადაწყვეტს თბილისის მერი. მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხებიდან აუნაზღაურდება თუ არა დაზარალებულებს სრულად ზარალი. ერთადერთ შემთხვევაში დავუჭერთ ჩვენ მხარს ამ წესს, თუ ეს წესი უზრუნველყოფს მიყენებული ზიანის 100 პროცენტით ანაზღაურებას და დაზარალებულთა ცხოვრების ნორმალურად უზრუნველყოფას", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან დღეს განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა. მისივე თქმით, ამ წესის პროექტი, გუშინ გვიან ღამით დაზარალებულ მოსახლეობასაც გააცნეს და ისინი მათ მიერ შემუშავებულ წესს იზიარებენ.