„ისრაელის მოქალაქეები აქტიურად არიან დაინტერესებული ჩვენი უძრავი ქონების ბაზრით,” - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ გააქტიურდა და დღემდე გრძელდება.
„ისრაელის მოქალაქეები საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას არამარტო ბოლო პერიოდში, არამედ პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. ისინი აქტიურად არიან დაინტერესებული ჩვენი ბაზრით. უკრაინის ომის შემდგომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, თუმცა, ახლა მათგან შესუსტებულია მოთხოვნა,“ - აღნიშნავს სურგულაძე.
ზოგადად, წლიურ ჭრილში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია, ბოლო თვეების განმავლობაში კი სტაბილურად ნარჩუნდება. სურგულაძის თქმით, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილი პირველად ბაზრებზე დეველოპერებისგან ნაყიდ ბინებს უჭირავს, მას კი მოსდევს მეორად ბაზრებზე შეძენილი ქონებები.
„ყველაზე მაღალი პროცენტი ადგილობრივ მყიდველს უჭირავს, წინა წლებში კი უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან უფრო მაღალი იყო ყიდვაზე მოთხოვნა. უბნების მიხედვით ბოლო კვარტალში ყველაზე მაღალი გაყიდვები დაფიქსირდა დიდ დიღომსა და საბურთალოზე. თუ ფასებს შევხედავთ, მკვეთრი ზრდა ფასების წელს არ დაფიქსირებულა, თუმცა პატარ-პატარა პროცენტული ზრდები გარეუბნებში უფრო მეტად დაფიქსირდა, ვიდრე ცენტრალურ უბნებში,“ - დასძინა „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა.
რაც შეეხება ქირას, ფასი და მოთხოვნა წინა პერიოდებთან შედარებით შემცირებულია.
„ქირის ნაწილში შესუსტებულია მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით, რაც ემიგრანტების ეფექტით იყო განპირობებული. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რომ ბუმი იყო, ეს ეფექტი დავარდა და შესაბამისად, ფასებიც და მოთხოვნაც ამჟამად მნიშვნელოვნად დაბალია. აქედან გამომდინარე, თავისუფალი გასაქირავებელი ბინების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში იყო,“ - განაცხადა მარიამ სურგულაძემ.