მიხეილ მაჭავარიანი: ეს ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების გაღატაკების ბიუჯეტია

დღეს პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განიხილავენ. როგორც უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების გაღატაკების მაჩვენებელი, რაც დღევანდელი ხელისუფლების უუნარობის შედეგია.

,,ბიუჯეტის სეკვესტრი - ეს სიტყვა არ მოსწონთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ექვსი თვის თავზე, ბიუჯეტში შემოდის კორექტირება და იქ მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სფეროების დაფინანსება და ლარის გაუფასურების გამო, თითქოსდა მცირდება მოცულობა ვალის, მაგრამ ყველა პარამეტრებით უარესდება ვალის მიმართება შიდა პროდუქტთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი არის ჩვენი მოქალაქეების გაღატაკება. ეს ბიუჯეტი არის პასუხი იმ უუნარობაზე, რომელსაც ჩვენი უუნარო მთავრობა წარმოადგენს. ექვსი თვის წინ დაამტკიცეს ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არასწორად გაქვთ დაგეგმილი, რადგან ბიუჯეტში არც ერთი გათვლა სწორი არ იყო", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

არსებული ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება.