„თუ ამერიკისა და ევროპის სანქციების ქვეშ მოვყვებით, დახმარების ხელი შეიძლება გამოგვიწოდოს ჩინეთმა, რომელიც ამას სიხარულით გააკეთებს,“ - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის ინტერესი სწორედ ჩვენნაირი ქვეყნების ეკონომიკის ყიდვაა, რომლის შემდეგაც მათი დროშის აღმართვის ვალდებულებაც გვექნება.
„იმ შემთხვევაში თუ ამერიკისა და ევროპის სანქციების ქვეშ მოვყვებით, დახმარების ხელი შეიძლება გამოგვიწოდოს ჩინეთმა, რომელიც ამას სიხარულით გააკეთებს, თუ „მივეყიდებით“. ჩინეთის ინტერესი არის ჩვენნაირი ქვეყნების ეკონომიკის ყიდვა და ისტორიულად თუ შევხედავთ, ამისი ბევრი მაგალითია.
მიყიდვაში არ ვგულისხმობ პარტნიორობას, არამედ, მიყიდვაა, როცა ქვეყანა შენს ქვეყანაში დებს ფულს, თავის პოლიტიკას ატარებს. პარტნიორობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ევროკავშირთან, აშშ-სთან, ხოლო ისეთ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის, არც პარტნიორობა არსებობს.
ასე რომ, თუ ჩინეთს მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, ეს ნიშნავს, რომ მათი დროშა უნდა აღვმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი არ ჩადებს ფულს,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.