ბორისპოლის ან ლვოვის აეროპორტებიდან ფრენები შესაძლოა, 2025 წლის იანვრის ბოლომდე განახლდეს

უკრაინის ბორისპოლის ან ლვოვის აეროპორტებიდან ფრენები შესაძლოა, 2025 წლის იანვრის ბოლომდე განახლდეს. ამის შესახებ სადაზღვევო ბროკერ Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა, კრისპინ ელისონმა კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში ფრენის სურვილი შესაძლოა, ხუთმა ან ექვსმა ავიაკომპანიამ გამოთქვას.

ელისონი ამბობს, რომ სადაზღვევო მექანიზმების უზრუნველყოფა შედარებით იოლი იქნება, თუ ფრენები ლვოვიდან განახლდება, თუმცა, მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჯერ ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნას.

“პრეზიდენტი ორიენტირებულია ბორისპოლზე, თუმცა საწყისი ფოკუსირება ლვოვზე უნდა მოხდეს, სადაც პოლონეთიდან ავიარეისს შვიდი წუთი სჭირდება,”- ამბობს კრისპინ ელისონი.

მისი ცნობით, სამგზავრო Airbus-320-სა და Boeing-737-ს, ისევე, როგორც მცირე სამგზავრო თვითმფრინავს, მინიმუმ, 750 მლნ დოლარის დაზღვევა დასჭირდება.

ელისონი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფრენებზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფისმა უნდა მიიღოს, რაც საჰაერო თავდაცვის მუშაობასა და უსაფრთხოების საკითხებზე არის დამოკიდებული.

”დღეს ლვოვი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თელ-ავივი,” - აცხადებს ელისონი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ