„პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხარჯი თითქმის გაორმაგებულია“ - რატომ ძვირდება სასტუმრო მომსახურება

წელს ოქტომბერში სასტუმროების მომსახურება წლიურ ჭრილში 10.4%-ით გაძვირდა. როგორც „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, ამის მიზეზი ზოგადი ფასების მატებაა. მეტიც, მისი თქმით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ხარჯები გაორმაგებულია.

„წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია, როგორც სერვისის, ისე ყველა პროდუქტის. პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხარჯი თითქმის გაორმაგებულია. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ხარჯები გაზრდილი, მათ შორის, ხელფასების, კომუნალური გადასახადების და ა.შ“,- ამბობს ერეკლე კოკაია.

მიუხედავადა ამისა, „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო მზარდია, განსაკუთრებით კი, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ნოემბერში 50-დან 60%-მდე მერყეობს დატვირთულობა [სასტუმროების]. თუმცა, ქუთაისში 80%-მდეა, იქ მოთხოვნა ისევ მაღალია. ამ დროისთვის, ჩამოდიან უფრო არაბული ქვეყნებიდან, ტაილანდიდან, ქუთაისში ასევე ძალიან ბევრი ევროპელია, რადგან პირდაპირი ფრენები იქიდან არის, ისრაელიც, ასე თუ ისე, აქტიურობს, მართალია, მათ თავისი პრობლემები აქვთ, მაგრამ ზამთარში მათი მხრიდან მოთხოვნა მაინც იზრდება. ისე კი, განსხვავებული ვითარებაა რეგიონების მიხედვით, მაგალითად, გუდაურში ლიეტუვაც საკმაოდ აქტიურია.

ასევე, ყოველწლიურად მზარდია ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა. არჩევნების პერიოდში შედარებით შემცირებული იყო, თუმცა, მათი აქტივობა მაინც მაღალია, განსაკუთრებით, თბილისის შემოგარენში“,- ამბობს ერეკლე კოკაია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, "ინ ჯგუფი" ახალი წლისთვის გუდაურში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.

"უახლოს პერიოდში გუდაურში ვამატებთ კიდევ ერთ კორპუსს, შედარებით მაღალ სეგმენტზე გათვლილს. რაც იქ გვაქვს 4-ვარსკვლავიანია და დაემატება 5-ვარსკვლავიანი, რომელიც გაიხსნება ახალი წლისთვის გაიხსნება. გაისად კი უკვე "ქუთაისი ინ"-შიც დავამტებთ სპას და პატარა აუზს",- ამბობს ერეკლე კოკაია.

ნინი ქეთელაური