ნოემბერში რუსების ჯავშნების რაოდენობით უცხოური ქვეყნების ტოპ 10-ეულში საქართველო მეოთხე ადგილზეა. რეიტინგს სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის რუსული სერვისის, „ოსტროვოკის“ პრესსამსახური ავრცელებს.
თუმცა „ოსტროვოკი“ ტრადიცილუად ცალკე ასახელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთს, რომელიც ნოემბრის უცხოური მიმართულებების ტოპ 10-ეულში მე-8 ადგილზეა.
„ოსტროვოკის“ მონაცემებით, აფხაზეთზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, ანუ ხუთჯერ, ხოლო ყაზახეთზე ოთხჯერ გაიზარდა. იაპონიაზე, უზბეკეთზე, სომხეთსა და თურქეთზე მოთხოვნა გაორმაგდა.
მთლიანობაში, ნოემბრის დასვენების დღეებში უცხოურ მიმართულებებზე რუსების დაჯავშნის ტემპი გასული წლის მაჩვენებლებს 77%-ით აჭარბებს. ამასთან, თუ გასულ წელს საახალწლო მოგზაურობებისთვის საზღვარგარეთის სასტუმროებში ჯავშნები, დაახლოებით, 19%-ს შეადგენდა, წელს მოახლოებული დღესასწაულებისთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 28%-ამდე გაიზარდა.
თუმცა წელს რუსების სადღესასწაულო ჯავშნების საშუალო ღირებულება, გასული წელთან შედარებით, 8%-ით, ანუ დღეღამეში 9,2 ათას რუბლამდე (94,5 დოლარამდე) შემცირდა.
მოგზაურობის დაგეგმვის რუსული სერვისის, OneTwoTrip-ის მონაცემებით, წელს რუსებს ნოემბრის არდადეგების გატარება საზღვარგარეთ უფრო ურჩევნიათ. კერძოდ, საზღვარგარეთის ქვეყნებში სასტუმროების შეკვეთის წილი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5%-ით გაიზარდა და 36% შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ