პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის განკარგულებით, შპს "გლობალ თრეიდს" პროგრამის ფარგლებში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 207 918 ლარია.

სანაცვლოდ კომპანია "გლობალ თრეიდი" სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ გადაცემულ ქონებაზე წარმოებას 2 წლის ვადაში დაიწყებს, რისთვისაც 831 672 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია გადამუშავებული თხილის წლიური მოცულობის გაზრდას 5 000 ტონამდე გეგმავს. წარმოებაში, დაახლოებით, 60 ადამიანი დასაქმდება. უწყების ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, გადამუშავებული თხილის ექსპორტი გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში განხორციელდება.