„იძებნებიან პირები,  ვინც ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“ - სეს-ი

„იძებნებიან პირები ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“ - განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მათ მიიღეს ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში“ - ნათქვამია განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი