„სრულად რომ ჩატარდეს ყველა ლიფტის ინსპექტირება, 70% შეიძლება იყოს გასაჩერებელი“, - ამის შესახებ CAI-ს გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, ლიფტების დიდი ნაწილი საბჭოთა დროის შემდეგ აღარ შემოწმებულა. ამიტომ, ბუნებრივია, არსებობს საფრთხეები.
„პრობლემა იმაშია, რომ ლიფტების უმრავლესობა არ ინსპექტირება. მეორე მხრივ კი არ ხდება კომპეტენტური მოვლა-პატრონობა.
საქართველოში ძალიან ბევრი ლიფტია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული, რომელთა ინსპექტირება იმ დროის შემდეგ აღარ ჩატარებულა. ყველაზე ძველი შეიძლება იყოს 40 წლის ლიფტი, მაშინ, როცა ექსპლუატაციის ვადა სულ 20 წელია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ლიფტები ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა ჩანაცვლებულიყო.შესაბამისად, ამ პირობებში, ბუნებრივია არსებობს საფრთხეები.
ამ დროისთვის, სრულად რომ ჩატარდეს ყველა ლიფტის ინსპექტირება, 70% შეიძლება იყოს გასაჩერებელი. საუბარია, სწორედ იმ ლიფტებზე, რომელთა ინსპექტირება ათეული წლებია არ ჩატარებულა.
ეს არ ნიშნავს, რომ აქედან ყველას შეიძლება ჰქონდეს ის პრობლემა, რომელმაც შეიძლება ცუდი შემთხვევები გამოიწვიოს, მაგრამ, ის, რომ მათი ინსპექტირება ამდენი ხანია არ ჩატარებულა, კონკრეტული გადაწყვეტილებების საფუძველი უნდა გახდეს“,- აღნიშნა სანდრო შელიამ.
ინფორმაციისთვის, თბილისში დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტი რომელთაგან ტექნიკური ინსპექტირება 5 047-ს აქვს გავლილი.