„გოჭების ფასი 1კგ-ზე 20 ლარია, თუმცა მაინც დაკლება მიწევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, ეს საქმე შემოსავლიანია“ - ფერმერი სენაკიდან

„2 თვიდან ზევით ასაკის გოჭების ფასი 1კგ-ზე 20 ლარია, თუმცა მაინც დაკლება მიწევს ხოლმე რომ სწრაფად გავყიდო. საბოლოო ჯამში ეს საქმე შემოსავლიანია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა სენაკის მუნიციპალიტეტიდან ჯუმბერ ძაძამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სარეალიზაციოდ ყველაზე ხელსაყრელი დიუროკის ჯიშის გოჭების გაზრდაა.

„გვყავს უცხოური ჯიშის ღორები. კერძოდ, ეს არის დიუროკის ჯიში, რომელსაც ხორცი ნაკლები ქოლესტერინით აქვს და წონითაც დიდი იზრდება. 1-1,5 წელიწადში შეიძლება მაქსიმუმ 300-350 კგ გაიზარდოს, ამიტომ გასაზრდელად ყველაზე მომგებიანია. როგორც ასეთი, ბაზარზე არ გამყავს, რადგან ბევრი დაავადების შეხვედრის რისკი არსებობს.

მყავს სოფელში, იზოლირებულად და 2 თვიდან ზევით ასაკიდან ვიწყებ გაყიდვას. ფასი ცოცხალი გოჭის, კგ-ზე 20 ლარია და წონა თითოეულის 13-იდან 17 კგ-მდეა ხოლმე. როდესაც მყიდველი მოდის, ფასს კი ვეუბნები 20 ლარს, მაგრამ მაინც დაკლება მიწევს. მაგალითად თუ გოჭი არის 17 კილო, ვუკლებ და 300 ლარად ვატან, რადგან მირჩევნია სწრაფად გავყიდო და ახლები გავზარდო“,- აღნიშნა ფერმერმა.

როგორც მან განმარტა, ღორებისთვის საჭირო საკვების ფასი პერიოდულად იმატებს. თუმცა, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ცხოველის გაზრდას გეგმავს.

„შესაძლებელია შედარებით დიდის, ბურვაკის გაყიდვაც საახალწლოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენახვის ხარჯი მეტია, რადგან საკვებიც მეტი სჭირდებათ. თვითონ რომ იბალახოს ღორმა, საკვები ნაკლები დასჭირდება, მაგრამ რადგან იზოლირებულად მყავს, მეტი საკვების შეძენა მიწევს. საბოლოო ჯამში, მაინც ღირს გაზრდა. სამი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და შემოსავალი არის.

საკვების ფასებიც პერიოდულად იმატებს. როდესაც შემომელევა ჩემ მიერ მოყვანილი სიმინდი, რა თქმა უნდა, ყიდვა მიწევს. გასულ წელთან შედარებით, 20-25 თეთრით არის გაზრდილი 1კგ-ის ფასი. არის ქერი, ხორბალი, სოიო ან კომბინირებული საკვები. ამ დროისთვის მყავს 4 დედა ღორი და ნამატს ვყიდი. მომავალი წლისთვის ვგეგმავ, რომ 6 დედა ღორი ვიყოლიო“,- აღნიშნა ჯუმბერ ძაძამიამ.

ნათია ზარიძე