კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 126-ე პოზიციაზეა

2014 წლის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 126-ე პოზიციას იკავებს.

ამერიკული კვლევითი კომპანია Gallup-ისა და Healthways-ის კვლევის თანახმად, კეთილდღეობის ინდექსის პირველ ადგილზე პანამა აღმოჩნდა, რომელსაც კოსტა რიკა და პუერტო რიკო მოსდევს.

”ბლუმბერგის” ცნობით, პანამის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11,036 დოლარია, რაც აშშ-ის იგივე მაჩვენებლის მეხუთედია. აღსანიშნავია, რომ ინდექსში აშშ 23-ე პოზიციას იკავებს.

”ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფული ყველაფერი არ არის”, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ბედნიერი ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ შვეიცარია, ბელიზი, ჩილე, დანია, გვატემალა, მექსიკა და ავსტრია.

კვლევის თანახმად, ფინანსური კეთილდღეობის მხრივ, რეგიონებს შორის ევროპა ლიდერობს, რომელსაც ამერიკა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა მოსდევს.

რეიტინგის შედგენისას Gallup-მა და Healthways-მ 2014 წლის განმავლობაში 145 ქვეყნის 146 ათასი ადამიანი გამოკითხეს. რესპონდენტებს პასუხი უნდა გაეცათ 10 შეკითხვაზე, რომელიც ხუთ მაჩვენებელს - ამბიციები, სოციალური მდგომარეობა, ფინანსები, საცხოვრებელი ადგილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეხებოდა. ქვეყნების კეთილდღეობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი ადამიანების მიერ მათი ყოველდღიური ცხოვრებისადმი დამოკიდებულება იყო და არა - ცხოვრების მატერიალური მდგომარეობა.

კეთილდღეობის ინდექსის ბოლო პოზიციებზე ტუნისი, ტოგო, კამერუნი, ბუტანი და ავღანეთი არიან.