2024 წლის პირველ 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობების რაოდენობამ 5 043 663 მიაღწია, წლიური ზრდის ტემპით 4.5%. ამის შესახებ TBC Capital-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, 2024 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ტურიზმის სექტორმა 2019 წელთან შედარებით 84%-იან აღდგენას მიაღწია. იმავდროულად, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, 2019 წლის დონის ქვემოთ რჩებიან. ამის საპირისპიროდ, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა და შესაბამისად, 152%-ს და 136%-ს მიაღწიეს.
აზერბაიჯანში ტურიზმის აღდგენის ნელი ტემპი გრძელდება - 14%. ამის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის მხრიდან ნაწილობრივ ჩაკეტილი საზღვარია, რაც COVID-19-ის რეგულაციას უკავშირდება. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია და მათი მოხსნის მკაფიო ვადები არ არსებობს.
2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი გაიზარდა 6,5%-ით წლიურად და 3,461 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 34%-ით მეტია. ქვეყნები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ზრდას, იყო რუსეთი და თურქეთი.
2024 წლის სექტემბერში, ძვირადღირებული სასტუმროების საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) იყო $143, რაც 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 8%-ით მეტია. თუმცა, დაკავებულობა ზომიერად შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.