ზამთრის კურორტებზე ჯავშნების მიღება უკვე დავიწყეთ - ძალიან ბევრი ევროპული ჯავშანი შემოდის - ჰოტელიერი

„პოლიტიკური ვითარების გამო ჯავშნების გაუქმება არ დაწყებულა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებმა სასტუმროებში ჯავშნებთან დაკავშირებით გავლენა ვერ მოახდინა, რადგან 26 ოქტომბრისთვის ტურისტული სეზონი უკვე მიწურული იყო.

„არჩევნების პერიოდში სასტუმროების ბიზნესში ხელისშემშლელი ფაქტორები არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ჩატარდა იმ პერიოდში როდესაც ტურისტული სეზონი მთავრდება,“ - აღნიშნავს მურაჩაშვილი.

ჰოტელიერის თქმით, სექტორი ზამთრის სეზონისთვის ემზადება, ჯავშნების მიღება კი უკვე დაწყებულია.

„ახლა ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. ჯავშნების მიღება უკვე დავიწყეთ. მე, როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს, უკვე მომდის ზამთრის სასტუმროებიდან მეილები, სადაც გვაფრთხილებენ, რომ კონკრეტულ თარიღებში უკვე სავსეები ვართ. გუდაურში, ჩემს სასტუმროში ჯავშნების კუთხით აქტიურობაა,“ - დასძინა მან.

გუდაურში მაღალია მოთხოვნა როგორც ე.წ. გალფის ქვეყნების, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.

„ძალიან ბევრი ჯავშანი კეთდება როგორც საუდის არაბეთის, ზოგადად გალფის ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენთვის ძალიან აქტიური ბაზარია. კარგად არის დაძრული დასავლეთ ევროპიდან ტურისტების რაოდენობა, არის ჯავშნები გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

რამდენადაც ვამოწმებთ, მათ ქვეყანაში გაცილებით მაღალი ფასებია, და გუდაურში, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად ითვლება, მათთვის გაცილებით მისაღები ფასები აქვთ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ევროპული ჯავშანი შემოდის, რაც მე ძალიან მახარებს,“ - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მერი ტაბატაძე