ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო მოწყობილობის შეძენა განვადებითაც იქნება შესაძლებელი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო მოწყობილობის - ე.წ.სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა განვადებითაც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ე.წ.სეთ-თოფ-ბოქსის განვადებით შეძენა შეღავათიანი პირობებით და საქართველოში მოქმედ ყველა იმ ბანკში იქნება შესაძლებელი, რომელთაც განვადების სერვისი აქვთ.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბანკების ასოციაციასა და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში ე.წ.სეთ-თოფ-ბოქსის ღირებულების ერთიანად გადახდა წარმოადგენს სირთულეს, განხორციელდეს სპეციალური საბანკო შეთავაზება. შესაბამისად, ე.წ. სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპი 9 ივლისს განხორციელდება. "საქართველოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატა საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. სწორედ საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ "სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენას და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას. ასევე კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე-2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ."სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.