ლეჩხუმში წელს 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა - სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლეჩხუმში წელს 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

„ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 59 ბენეფიციარს გაუფორმდა.

ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8.8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4.5 მლნ ლარს აჭარბებს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.6 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1.4 მლნ ლარს აღემატება.

მერი ტაბატაძე