„უშბის წვერზე თუ რესტორანია, შესაძლოა, ასეთი რამ ხდება“ - რატომ არის მაღალი „ჩრდილოვანი“ ეკონომიკის წილი სარესტორნო ბიზნესში

„სოფლის ტიპის დასახლებაში თუ არის სასადილო, იქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩრდილოვან ეკონომიკას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ 2023 წელს ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა. საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში და 48.5%-ს შეადგენდა. იგულისხმება ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია მოქცეული.

გაბრიჩიძის თქმით, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა, განპირობებული იყო ქვეყანაში მცირე ზომის კვების ობიექტების სიმრავლით, განსაკუთრებით, სოფლის და დაბის ტიპის დასახლებებში.

„ძალიან ზოგადი მონაცემებია, სოფლად შეიძლება ეს ასეც არის, პირობითად, უშბის წვერზე თუ რესტორანია, შესაძლოა, იქ ასეთი რამ ხდება [არსებობდეს ჩრდილოვანი ეკონომიკა]. მაგრამ მთელ დიდ ქალაქებში ყველაფერი გადავიდა ბარათზე და ფიზიკურად ვერ მოიპარავს ბიზნესი [გადასახადების არ გადახდით].

რომელიმე სოფლის ტიპის დასახლებაში თუ არის სასადილო, იქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩრდილოვან ეკონომიკას. შეიძლება ასეთი ტიპის კვების ობიექტების რაოდენობა დიდია, მაგრამ მათი ბრუნვა არის მიზერული. ამხელა რაოდენობა სექტორში შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ობიექტები, რომლებიც ჩრდილოვან ზონაში საქმიანობს, შესაძლოა, ბევრია, მაგრამ მათი ბრუნვა მცირეა“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

იხილეთ ასევე: როგორია საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ზომა - სტუმართ-მასპინძლობის 48.5% ჩრდილოვანია

მერი ტაბატაძე