დროის ფაქტორია - არ არსებობს სფერო, რომელიც ამ პროცესებისგან ნაკლებად „გაიჭყლიტება“ - კახა ხაზარაძე

„ჩემ ირგვლივ ახალ პროექტებზე არავის დაუწყია მუშაობა, რადგან ყველა არჩევნების შედეგს ელოდებოდა,“ - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ყველაზე დიდი სტაბილურობა ბიზნესისთვის არის სამართლიანობა. თუ თანაბრად არის დაცული, როგორც მსხვილი, ისე წვრილი ბიზნესმენის უფლება, ეს არის სტაბილურობა. დღეს ბიზნესი ხმამაღლა არ საუბრობს თავის პოზიციებზე და ბიზნესმენები ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან.

თუ ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვიხდით გადასახადებს, ე.ი. პოლიტიკას ვქმნით ქვეყანაში და აქედან გამომდინარე თუ გვიჭირს ამაზე საუბარი ანუ არსებობს შიში, რომ სამართლიანი აზრის გამოთქმის შედეგად, შესაძლოა, ვინმე დაისაჯოს.

მიმდინარე პროექტებზე მოლოდინის რეჟიმი იყო არჩევნებამდე, ახლო მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ შედეგს. ჩემს ირგვლივ არავის ახალი პროექტი არ დაუწყია, ამას თავისი ახსნა აქვს და ლოგიკურიც არის,“ - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

როგორც მან განაცხადა, მალე ეროვნულ ბანკს ამოეწურება ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნების რესურსი და დაიწყება კრიზისი, რომელიც ყველა სფეროს ეტაპობრივად ჩაითრევს.

„რეალურად, ლარის გამყარების კუთხით ეროვნულ ბანკს ამოეწურება რესურსი და დაიწყება კრისიზის პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზარზე. ამას მიჰყვება ფინანსური სექტორი და ეტაპობრივად ყველა სექტორს ჩაითრევს. ამ სიტუაციაში გამარჯვებული ალბათ არავინ არ არის, იმ ადამიანის გარდა, ვინც ყველაფერს აქეთ „მიერეკება“. არ არსებობს სფერო, რომელიც ნაკლებად „გაიჭყლიტება“ ამ პროცესებისგან. უბრალოდ დროის ფაქტორია - ვიღაცას უფრო ადრე მოუწევს, ვიღაცას - მოგვიანებით. ჩემი გადასახედიდან დრო საკმაოდ ცოტაა, მაქსიმუმ მომავალი წლის ორი კვარტლის განმავლობაში მოხდება ყველაფერი,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

ეკა დარჩიაშვილი