„საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები ინტერესდებიან“ - მიზეზები

„ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ინტერესდებიან,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა, მარიამ სურგულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების იმ მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება, რომელთაც ნაყიდი ქონების საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვება და შემდეგ ევროპის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება სურთ.

„საქართველოში უძრავი ქონების შეძენით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც ინტერესდებიან. მოთხოვნა არის ძირითადად იმ ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ ნაყიდი ქონების საფუძველზე ბინადრობის უფლება მოიპოვონ და შემდეგ უკვე წვდომა ჰქონდეთ ევროპის ქვეყნებში უვიზო გადაადგილებაზე. საუბარია, ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოგზაურობაც ვიზირებულია ევროპის ქვეყნებში,“ - განაცხადა მარიამ სურგულაძემ.

რაც შეეხება ზოგადად უძრავ ქონებაზე მოთხოვნას, მისი თქმით, ბოლო თვეები სტაბილურად ნარჩუნდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მაღალია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, გაყიდვების დიდი წილი მაინც ადგილობრივ მყიდველებზე მოდის.

„წლიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს წელი კატაკლიზმებით იყო აღსავსე - ჯერ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, შემდეგ არჩევნების პერიოდი, ამას დამატებული არასტაბილური გარემო ქვეყანაში. თუმცა, თუ წინა თვეებს შევადარებთ, ამ მხრივ მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებული,“ - აღნიშნავს „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველი პარტნიორი.

მერი ტაბატაძე