ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 81 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი აღნიშნული კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 11:30 საათისთვის) ერთი ბიტკოინი 80 904 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 17.4%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.603 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, დონალდ ტრამპის დაპირებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ციფრული ვალუტებისთვის დღეს არსებული რეგულაციებს გაამარტივებდა.