კრემლი რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების ერთ მეგასტრუქტურაში გაერთიანებას, კერძოდ, „როსნეფტის“ მიერ „ლუკოილისა“ და „გაზპრომნეფტის“ შერწყმა-შთანთქმის შესაძლებლობას განიხიხლავს.
ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გარიგების შემთხვევაში, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებსა და რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე პუტინის კონტროლი მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
კერძოდ, გაერთიანებული სტრუქტურა შესაძლოა, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი გახდეს Saudi Aramco-ს შემდეგ, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ კომპანია Exxon Mobil-ზე, თითქმის, სამჯერ მეტ მოცულობას აწარმოებს. ეს, WSJ-ის შეფასებით, რუსეთს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელ ფასებს მიაღწიოს ისეთი მყიდველებისგან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია.
WSJ-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ „მწვანე“ ალტერნატივების პირობებში ნავთობზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, პუტინის სურვილია, ომის მხარდასაჭერად ნავთობისა და გაზის სექტორი გააერთიანოს და შექმნას ენერგეტიკული გიგანტი, რომელიც შეძლებს, საუდის არაბეთს კონკურენცია გაუწიოს. წყაროების თანახმად, მოსკოვი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული კომპანია დასავლეთის სანქციების ზეწოლას უფრო ეფექტურად გაუძლებს.
ამასთან, გამოცემის თანამოსაუბრეების განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის ომის კონტექსტში დაიწყო, ინიციატივა, ასევე, მიზნად ისახავს რუსეთის მომზადებას საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლო დათბობისთვის.
ცნობისთვის: ნავთობი და გაზი რუსეთის ეკონომიკის შემოსავლის მთავარი წყაროა, რომელიც ფედერალური ბიუჯეტის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს. მიმდინარე წლის ოქტომბერში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა და 1,212 ტრლნ რუბლი (12,4 მლრდ დოლარი) შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წლის ოქტომბერში ეს თანხა უფრო მაღალი, 1,635 ტრლნ რუბლი (16,7 მლრდ დოლარი) იყო. კლების მთავარ მიზეზად ნავთობზე ფასების ვარდნა სახელდება. მაგალითად, ოქტომბერში Urals-ის მარკის ბარელ ნავთობზე ფასი 63,57 დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, თითქმის, 30%-ით მეტი, 83,18 დოლარი ღირდა. შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე დაწესებული გადასახადიდან შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 200 მლრდ რუბლით (2 მლრდ დოლარით), ხოლო დამატებითი საშემოსავლო გადასახადიდან 100 მლრდ რუბლით (1 მლრდ დოლარით) შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ