ოქტომბერში სურსათის გლობალური ფასები 18 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ძირითადი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად მცენარეული ზეთები გაძვირდა.
ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასთა გლობალური ინდექსი ოქტომბერში 127.4-მდე გაიზარდა, რაც სექტემბრის შესწორებულ 124.9-იან მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.
წლიური თვალსაზრისით ინდექსი 5,5%-ით გაიზარდა და 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ის ჯერ კიდევ 20,5%-ით ჩამორჩება 2022 წლის მარტის რეკორდს, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა.
ფასები, ხორცის გარდა, ყველა კატეგორიაში გაიზარდა, ხოლო მცენარეული ზეთები ყველაზე მეტად, ანუ თვიდან თვემდე 7%-ით გაძვირდა, რაც, FAO-ს მონაცემებით, პალმის ზეთის წარმოების შემცირებამ გამოიწვია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ