იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ღვინის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მაქსიმ ჩმორამ განაცხადა.
მისი მონაცემებით, რუსეთში ღვინის 10-თვიან იმპორტში საქართველოს წილი 25%-ს შეადგენს,
პირველ ადგილზე იტალიაა, რომლის წილიც იმპორტის სტრუქტურაში 29%-ია. იტალიასა და საქართველოს ესპანეთი 10%-ით, ხოლო პორტუგალია და საფრანგეთი 5%-5%-ით მოსდევს.
მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ღვინის იმპორტი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48%-ით შემცირდა, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 180 ათასი ტონა შეადგინა. კერძოდ, თუ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ღვინის იმპორტის მოცულობა 532,4 ათას ტონას შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 357,7 ათას ტონამდე შემცირდა.
რაც შეეხება რუსული ღვინის ექსპორტს, აღსანიშნავია, რომ ჩმორა აფხაზეთს მთავარ საექსპორტო მიმართულებებს შორის ცალკე ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს რუსული ღვინის ექსპორტში მესამე ადგილი უკავია.
კერძოდ, ძირითად მიმართულებებს შორის, რომლებშიც რუსეთი ღვინის ექსპორტს ეწევა, ჩინეთი (48%), თურქეთი (14%), აფხაზეთი (13%), ლატვია (11%) და ისრაელია (3%).
მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში რუსული ღვინის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა და 1,68 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,4 ათას ტონას შეადგენდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ