„ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის“ 350-მდე თანამშრომელი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვს

„ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის“ 350-მდე თანამშრომელი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვს. აღნიშნული მიზეზის გამო, მედიკოსების და თანამშრომლების ნაწილმა საპროტესტო აქცია სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა.

როგორც ქირურგმა, ნანა მინდაძემ განმარტა, დღეს კლინიკა არ ფუნქციონირებს და იყიდება ისეთი პირობებით, სადაც სამედიცინო პერსონალის დავალიანება გათვალისწინებული არ არის.

„სახელფასო დავალიანება გვაქვს ასაღები თითქმის 9 თვის. კოვიდის შემდეგ კლინიკა წელიწადი და ნახევარი მუშაობდა სრული დატვირთვით, ახლა როგორც ჩანს იყიდება კლინიკა და მოტყუებულები ვართ, დამცირებულები, არ ითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას. ამ პერიოდში სამჯერ დარიცხული ხელფასით, მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, როდის მოხდებოდა სრულად ანაზღაურება. ამის შემდეგ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დღეს კლინიკა იყიდება ისეთი პირობებით, სადაც ჩვენი დავალიანება არ არის გათვალისწინებული.

მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, სასამართლოს, პასუხს ველოდებით. 300-350 თანამშრომელი ითხოვს ანაზღაურების მიღებას. გაიყიდება თუ არა კლინიკა, ჩვენ გვპირდებიან მათხოვრულ 1000 - ლარიან ანაზღაურებას. წინააღმდეგი ვართ აქ სხვა მყიდველი შემოვიდეს, ეს ჩვენთვის შვება არ იქნება”, - აღნიშნა ქირურგმა.