Booking.com პერსონალის შემცირებას გეგმავს

უძრავი ქონების ონლაინ-დაჯავშნის სააგენტო Booking.com-მა, ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვის ფარგლებში, შესაძლოა, სამუშაო ადგილები შეამციროს.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

Booking-ის ცნობით, სტრუქტურული გადახედვა ადრეულ ეტაპებზეა და მტკიცე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ეს რთული, თუმცა აუცილებელი პროაქტიული ნაბიჯია, რომ Booking.com მეტად კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში მოქნილ პლატფორმად დარჩეს და მომხმარებელზე ფოკუსირებული ინოვაციების დანერგვა განაგრძოს,” - წერია განცხადებაში.

კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის Booking Holdings-ში, დაახლოებით, 23,600 ადამიანი იყო დასაქმებული.

Booking Holdings დასძენს, რომ ორგანიზაციული ცვლილებების ფარგლებში კომპანია პროცესებისა და სისტემების მოდერნიზებას, ასევე, შესყიდვების ოპტიმიზაციას გეგმავს.

ცნობისთვის: Booking Holdings-მა მესამე კვარტალში საოპერაციო ხარჯის 13.6%-იანი ზრდა დააფიქსირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ