ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის პირველი სამი კვარტლის საოპერაციო ხარჯმა, დაახლოებით, 104 მლნ დოლარი, ხოლო კაპიტალურმა ხარჯმა 28 მლნ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, საოპერაციო ხარჯი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,9%-ით, ხოლო საოპერაციო ხარჯი 12%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ BP-ის 2024 წლის მესამე კვარტლის შემაჯამებელ ანგარიშში წერია, რასაც AZERTAC ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, 2006 წლის ივნისიდან, ანუ ექსპლუატაციაში შესვლიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით, ბთჯ-ის მილსადენმა, რომლის სიგრძეც 1,768 კმ-ია, დაახლოებით, 583 მლნ ტონა, ანუ, დაახლოებით, 4,4 მლრდ ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტანა. ეს ნავთობი ჯეიჰანის პორტში 5,786 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა.
პირველ სამ კვარტალში ბთჯ-ის მილსადენით, დაახლოებით, 22 მლნ ტონა, ანუ, დაახლოებით, 165 მლნ ბარელი ნედლი ნავთობი და კონდენსატი იქნა ექსპორტირებული, რომელიც ჯეიჰანის ტერმინალში 229 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1 მლნ ტონით, ანუ, დაახლოებით, 6 მლნ ბარელით ნაკლებია.
ცნობისთვის: ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების ბლოკიდან, ძირითადად, აზერბაიჯანული ნავთობის, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. ამასთან, მილსადენით კასპიის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის სხვა რეგიონალური მოცულობები, კერძოდ, ყაზახეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანში SOCAR-ის მიერ მოპოვებული მოცულობები ტრანსპორტირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ