„საფონდო ბირჟის წახალისებისთვის საშუალო ფენა უნდა გაძლიერდეს - ეს ფენა კი, პრაქტიკულად, აღარ გვყავს“

„ამ სიტუაციაში საფონდო ბირჟის განვითარებაზე საკმაოდ საკმაოდ ძნელია, რადგან ქვეყანა იზოლაციონიზმის საფრთხის წინაშე დგას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფინანსისტმა ნინო დავითაიამ ისაუბრა.

ცნობისთვის, საქართველოში საფონდო ბირჟა 1999 წელს შეიქმნა. მიუხედავად არსებობის 25-წლიანი ისტორიისა ეკონომიკაში ბირჟის წილი მინიმალურია. მეტიც, თვე ისე შეიძლება დაიხუროს, რომ ბირჟაზე მხოლოდ 1-2 ან საერთოდ არანაირი გარიგება არ შედგეს.

რატომ ვერ განვითარდა საქართველოს საფონდო ბირჟა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბირჟის სტიმულირებისთვის, ამ და სხვა თემებზე გთავაზობთ ნინო დავითაიასთან ინტერვიუს:

-არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მცირე ეკონომიკა აქვს და ამ ფონზე რთულია ბირჟის მუშაობა. ბოლო წლებია ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამის მიუხედავად, ბირჟაზე ჩართულობა მინიმალურია. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და მისი რესურსების გამოყენება ამ დრომდე ვერ ხერხდება?

- საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მცირეა. დაფინანსების ძირითადი წყაროს მოძიება ბანკებიდან ხდება, ბევრს აქვს შეხედულება, რომ ეს სრულიად საკმარისიც კი არის. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი გვაქვს, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რის ხარჯზეა ეს ზრდა და რამდენად არის ეს რეალურად ასახული მოსახლეობის შემოსავლებზე?

ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდა ძირითადად სატრანსპორტო სფეროზე მოდის, რადგანაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბევრი ტვირთი საქართველოს გავლით გადაიზიდება; გაიზარდა სატრანზიტო ტვირთებიც, თუმცა არსებული ინფლაციის და ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის არასწორი გადანაწილების გამო, ეს ეფექტი მოსახლეობისათვის დიდად არ არსებობს.

ჩვენი ტიპის ეკონომიკისათვის წამყვანი უნდა იყოს საშუალო კლასი, რაც, პრაქტიკულად, საქართველოში აღარ არსებობს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს და ის ამ ფონზე ვერ იფიქრებს ინვესტირებაზე, სახელმწიფოში შექმნილი დოვლათის დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მცირე ფენაზე არის გადანაწილებული, რომელიც ძალიან გამდიდრებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფენა სწორედ ამ სიმდიდრის გამო არ არის ეკონომიკურად თავისუფალი. საფონდო ბირჟის ერთ-ერთი წამახალისებელი საშუალო და შემოსავლიანი ფენის გაძლიერება იქნებოდა, თუმცა, არსებული სისტემით ეს ძნელად მესახება.

ეკონომიკის ზრდა რეალურად ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟის განვითარებას, რადგანაც ბიზნესს მეტი თანხები დასჭირდება დასაფინანსებლად; რეგულაციური ბაზის გაუმჯობესებაც შესაძლოა, იყოს პოზიტიური ფაქტორი, მაგალითად, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ინვესტორს ბროკერის გარეშეც ჰქონდეს წვდომა ბაზარზე.

-საუბარი იყო იმაზეც, რომ ბანკები ხელოვნურად უშლიან ხელს ბირჟის განვითარებას, თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას? მონაცემებსაც რომ გადავხედოთ: ბირჟაზე ამჟამად არსებული 7 საბროკერო კომპანიიდან უმეტესობა ბანკებთან არის დაკავშირებული.

- საქართველოში ძალიან პოპულარულია შეთქმულების თეორიები და პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა; შესაძლოა, რომ ბანკები მართლაც არ იყვნენ დაინტერესებული საფონდო ბირჟის განვითარებით, რადგანაც საბროკერო კომპანიებსაც ისინი ფლობენ და ისედაც დომინანტურ მდგომარეობაში არიან. თუმცა, არსებობს მაგალითები იმისაც, რა დროსაც ქვეყანაში ერთნაირად წარმატებულად საქმიანობს ბირჟაც და ბანკიც. მაგალითად ასეთია პოლონეთი - ესეც ყოფილი სოციალისტური ქვეყანაა, სადაც საფონდო ბირჟა ძალიან სწრაფად განვითარდა. 5 წლის წინ შეიქმნა ჩვენთან საპენსიო სქემა, რომელიც, სხვათა შორის, საფონდო ბირჟის წამახალისებელიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება ბირჟაზე შესაძლოა, კარგი სტიმულიც ყოფილიყო, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ თურმე ეს ფონდი უნდა გარდაიქმნას და საინვესტიციო საბჭოც კი უნდა გაუქმდეს.

-ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ მოქალაქეების ნაწილს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ საქართველოში საფონდო ბირჟა არსებობს...

- ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ფინანსური ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ფინანსური განათლების დეფიციტზეც მიუთითებს; სამწუხაროდ, ფინანსების საბაზისო ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია ვინმეს აუხსნა, თუ რა მნიშვნელობის არის ფინანსური ბაზარი და საერთოდ რა არის იგი. მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს საფინანსო განათლების დონე და მოსახლეობის ინფორმირება უნდა განხორციელდეს.

დაბოლოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საფონდო ბირჟა უფრო მეტად ფუნქციური გახდეს?

- საფონდო ბირჟის განვითარებისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • მთავარი მასტიმულირებელი ეკონომიკური ზრდაა;
  • მეტი გამჭვირვალობა ფინანსებში-კომპანიების შესახებ საბუღალტრო ინფორმაცია კი ხელმისაწვდომია, მაგრამ ხარისხი ბევრ შემთხვევაში ძალიან დაბალია;
  • ქვეყანაში საიმედო საინვესტიციო კლიმატისა და პოზიტიური მოლოდინების შექმნა- ინვესტიციები მაინც სამომავლო საქმეა, ამიტომ ინვესტორი რისკების შესაფასებლად უნდა ფლობდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაციას და უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა;
  • საფინანსო განათლების დონის ზრდა; მოსახლეობის ინფორმირება;
  • ქვეყნის, საიმედოობის ამაღლება - ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის გაძლიერება და არა იზოლაციონიზმისაკენ მიდრეკილება.

დავამატებ, რომ ამ სიტუაციაში საფონდო ბირჟის განვითარებაზე საუბარი საკმაოდ ძნელია, რადგან ქვეყანა იზოლაციონიზმის საფრთხის წინაშე დგას; საქართველოს ეკონომიკისათვის გადამწყვეტია უცხოური ინვესტიციები და დახმარებები, არსებული ხელისუფლების პირობებში კი ეს ძნელია, რადგან საქართველო კარგად საიმედო პარტნიორის იმიჯს; ეს არათუ ხელს უწყობს რაიმეს განვითარებას, არამედ უკვე არსებულსაც კი დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

მერი ტაბატაძე